Saturday, July 2, 2011

 ცეკვა 

ნელა ცეკვავდნენ
იქ, საღამოს ნაცრისფერ შუქში,
ერთდროულად რომ მტკივნეულიც იყო, ლამაზიც,
როგორც სინათლე - წყლის სიღრმეში გაზავებული,
რომელსაც მკერდით მიაპობდა მთელი ცხოვრება,
როგორც ტრიტონი, დევნილი და გადაკარგული.
ცეკვის დროს,
ქალი, სასურველი თუმცა არ იყო,
მთელი სხეულით მიეკრა და
რაღაცას ნაზად ჩასჩურჩულებდა,
თხელ თითებში
ეჭირა მისი მხურვალე ხელი.
და ქალი, თუმცა სასურველი არ იყო მისთვის,
მორკალულ მკლავზე თავთავივით გადაიხარა,
როგორც მალამო, გამოწვდილი -
უამრავი სახეებიდან დაკარგული, ძვირფასი სახის ამოსაშლელად,
გასაყუჩებლად ტკივილისა, რომელსაც ერქვა -
ერთადერთი ქალის სახელი.
და მშვენიერი, მოლივლივე სილუეტები
ცდილობდნენ მისთვის მოეტანათ სიმშვიდე და თავდავიწყება,
მაგრამ მბრწყინავი აჩრდილებიც
ტკივილისა, სიამაყის და სიკვდილისა -
ავი ღიმილით ტრიალებდნენ,
კაცის ტანჯვას აელვარებდნენ.
მან ის დაკარგა, რადგან ქვეყნად ხეტიალისას
ყოველგვარი მონაპოვარი დანაკარგის დასაწყისია;
შეხვედრა უკვე განშორებაა;
მოლივლივე აჩრდილებიც თავს უქნევენ, ეთანხმებიან
მწუხარე ვარსკვლავებიც, ვნების გარეშე
მაღლა, ცაში გამოკიდულნი.
http://lib.ge/body_text.php?185

No comments:

Post a Comment